PrEP პროგრამაში ჩართვის კრიტერიუმები და სარისკო ქცევის შეფასება


იმისათვის, რომ მოხდეს ადამიანის ჩართვა პრეპ პროგრამაში, ის უნდა
აკმაყოფილებდეს პროგრამით განსაზღვრულ კრიტერიუმებს მისი სარისკო
ქცევიდან გამომდინარე:

კერძოდ, პროგრამა განკუთვნილია აივ ნეგატიური სტატუსის მქონე,
სრულწლოვანი მამაკაცებისა და ტრანსგენდერი ქალებისათვის, რომლებსაც
სქესობრივი კავშირი აქვთ მამაკაცებთან და პროგრამაში ჩართვამდე 6 თვის
პერიოდში ხასიათდებიან რეგულარული სარისკო ერთი ან რამდენიმე ქცევით,
როგორებიცაა:

– აივ დადებითი სტატუსის მქონე მუდმივი პარტნიორის ყოლა, რომელიც არ
მკურნალობს ან არ აქვს მიღწეული ვირუსული სუპრესიისათვის;
– ჩართულია კომერციულ სექს მუშაობაში;
– აქვს ნარკოტიკების ინექციურად მოხმარების პრაქტიკა;
– ნარკოტიკებისა ან/და ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ სარისკო
სქესობრივი ქცევის პრაქტიკა;
– აქვს ან ჰქონია რომელიმე სქესობრივი გზით გადამდები დაავადება;
– ჰყავს 5 ან მეტი სქესობრივი პარტნიორი;
– არ გამოუყენებია კონდომი როგორც პასიური, ისე აქტიური სქესობრივი
კავშირის დროს;
– პრევენციისათვის მიუმართავს პოსტ-ექსპოზიციური პროფილაქტიკის
(პეპ) მეთოდისათის;

სარისკო ქცევის შეფასება აუცილებელია საწყის ეტაპზე, იმისათვის რომ
გამოვლინდეს, თუ რამდენად აკმაყოფილებს ადამიანი პრეპ პროგრამაში ჩართვის
კრიტერიუმებს და რომელი სპეციფიური სქესობრივი ან სხვა ტიპის ქცევა
აყენებს მას აივ-ით ინფიცირების რისკის ქვეშ, რათა შესაბამისად დაიგეგმოს მისი
შემდგომი მართვის მიდგომები და სტრატეგია. სარისკო ქცევის გამოკვლევა
უნდა ხორციელდებოდეს რუტინულად, როგორც ექიმის, ისე სოციალური ან
სათემო მუშაკის მიერ.

ვის მიერ და რა გარემოში უნდა იყოს განხორციელებული სარისკო ქცევის
შეფასება?

სარისკო ქცევის შეფასება დაკავშირებულია ადამიანის სქესობრივი ცხოვრებისა და
პრაქტიკების ისტორიის გამოკვლევასთან; თემის წევრები ხშირად თავს იკავებენ
საკუთარ სქესობრივ ქცევაზე და მასთან დაკავშირებულ დეტალებზე საუბრისგან,
განსაკუთრებით, ქვეყანაში მათ მიმართ არსებული ნეგატიური დამოკიდებულების,
სტიგმისა და დისკრიმინაციის ფონზე.

აღნიშნული ბარიერის გადალახვის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია, სარისკო
ქცევის შეფასება და ადამიანის გამოკითხვა მის სქესობრივ ცხოვრებასთან დაკავშირებით
წარიმართოს ლგბტ თემზე ორიენტირებულ, მეგობრულ გარემოში, რომელიც
საშუალებას მისცემს ადამიანს, ისაუბროს მაქსიმალურად გახსნილად.
მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული პროცესი წარმართული იქნას თანასწორი-თანასწორს
პრინციპის გამოყენებით და ბენეფიციართან პირველადი კომუნიკაცია აწარმოოს
მსმ/ლგბტ თემის წარმომადგენლემა სოციალურმა მუშაკმა, საველე მუშაკმა,
შემთხვევების მართვის სპეციალისტმა ან სხვა.

იმ შემთხვევაში, თუ ბენეფიციარმა პირველადად მიმართა სამედიცინო დაწესებულებას
და სარისკო ქცევის შეფასება ხორციელდება სამედიცინო პერსონალის მიერ,
აუცილებელია, რომ მომსახურების მიმწოდებელმა სამედიცინო პერსონალმა
უზრუნველყოს ბენეფიციარის დაკავშირება სათემო ორგანიზაციასთან.