მიმართვა ლევან კობიაშვილს


საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტსა და საქართველოს პარლამენტის წევრ ბატონ ლევან კობიაშვილს.

ბატონო ლევან,

გურამ კაშიას მიმართ გამოვლენილი აგრესია კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რამდენად მძლავრია ჰომოფობიური და ტრანსფობიური განწყობები საქართველოში. კაპიტნის სამკლაური, რომელიც გურამ კაშიამ ლგბტ ადამიანების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში გაიკეთა, საქართველოში კიდევ უფრო დიდი აგრესიის სიმბოლოდ იქცა.

ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი ადამიანები ყოველდღიურად განიცდიან ჩაგვრას და დისკრიმინაციას სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიადაგზე. საქართველო ერთ-ერთი ყველაზე ჰომოფობიური სახელმწიფოა ევროპაში: იზღუდება შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება, გამოხატვის თავისუფლება, თანაცხოვრების უფლება, გაზრდილია სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების რიცხვი ჰომოფობიურ და ტრანსფობიურ ნიადაგზე, რაზეც სახელმწიფოს ადეკვატური პასუხი არ აქვს. უფრო მეტიც, ხშირად სამართალდამცავი ორგანოები თავად გვევლინებიან ჩაგვრის და ძალადობის წყაროდ და მონაწილედ.

ამ პირობებში უაღრესად მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის პატივცემული ადამიანების მხრიდან საჯარო პოზიციის დაფიქსირება. ვაცნობიერებთ, რომ საქართველოში განსაკუთრებით რთულია საზოგადოებაში გაბატონებული მცდარი წარმოდგენების წინააღმდეგ წასვლა, თუმცა სწორედ ასეთ მომენტებშია მნიშვნელოვანი სწორი პოზიციის დაფიქსირება. დღეს, ისე როგორც არასდროს, თქვენ გაქვთ უნიკალური შესაძლებლობა, გარდატეხა მოახდინოთ ქართულ რეალობაში. თქვენ გაქვთ შანსი, იდგეთ ისტორიის ნათელ მხარეს და უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანოთ ქვეყანაში თანასწორობის დამკვიდრების კუთხით. ამიტომ გთხოვთ, გამოიყენოთ კვიპროსთან, 10 ნოემბერს დაგეგმილი ამხანაგური შეხვედრა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სახელით გარკვეული, თქვენთვის მისაღები ფორმით დაგმოთ ჩაგვრა და ძალადობა ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი ადამიანების მიმართ. კიდევ უფრო მისასალმებელი იქნება, თუ ამას არ ექნება ერთჯერადი ხასიათი და როგორც საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის ფარგლებში, ასევე სანაკრებო დონეზე, ფეხბურთის ფედერაცია უფრო აქტიურად ჩაერთვება ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში.

სოციალური პასუხისმგებლობა თანამედროვე სპორტის თანმდევი კომპონენტია და ქართულ კონტექსტში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფეხბურთის და ამ სფეროში მოღვაწე ადამიანების როლი და სამოქალაქო პასუხისმგებლობა. ამიტომ გთხოვთ სათანადო გამოხმაურება და მხარდჭერა გამოუცხადოთ იმ ადამიანებს, ვინც დღეს ყველაზე მეტად იჩაგრებიან საქართველოში.

“თანასწორობის მოძრაობა” მზად არის, ითანამშრომლოს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან, რომ ერთიანი ძალით შევძლოთ ეფექტური ნაბიჯების გადადგმა ქვეყანაში თანასწორობის მისაღწევად და გასამტკიცებლად.

პატივისცემით,

თანასწორობის მოძრაობა