ომბუდსმენმა “თანასწორობის მოძრაობის” განცხადებების საფუძველზე სამედიცინო უნივერსიტეტს რეკომენდაციით მიმართა


სახალხო დამცველმა „თანასწორობის მოძრაობის“ განცხადებების საფუძველზე, რომელიც შეეხებოდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სახელმძღვანელოებში ჰომოფობიური და სტიგმის გამაძლიერებელი ჩანაწერების არსებობას, სამედიცინო უნივერსიტეტს რეკომენდაციით მიმართა.

„თანასწორობის მოძრაობამ“  საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს 2018 წლის 2 ნოემბერს N15536/18 და 2019 წლის 14 ივნისს N7856/19 განცხადებებით სავარაუდო დისკრიმინაციის შემთხვევებზე რეაგირებისთვის მიმართა. განცხადებების თანახმად, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სახელმძღვანელოებში „სასამართლო მედიცინა“ და „ბიოეთიკა“ გამოყენებული ტერმინები/გამოთქმული მოსაზრებები ამყარებს სტერეოტიპებს და წარმოადგენს დისკრიმინაციის წახალისების ფორმას ლგბტ+ ადამიანების მიმართ.

სახელმძღვანელოში „სასამართლო მედიცინა“ (ავტორი: ბესარიონ კილასონია) გამოყენებულია ტერმინები: „პედარასტია,“ „აქტიური პედარასტი,“ „პასიური პედარასტი“, „გაუკუღმართებული სქესობრივი კავშირი“.4 ამასთან, სახელმძღვანელოში ტრანსსექსუალობა განმარტებულია, როგორც “სქესობრივი თვითშეგნების დარღვევა“ და „სადიზმი“.

სახელმძღვანელოში „ბიოეთიკა“ (ავტორი ბელა მამულაშვილი) გამოყენებულია შემდეგი ტერმინები: „ჰომოსექსუალიზმის ცოდვა“, „ჰომოსექსუალისტები“, „განსაკუთრებული სქესობრივი ორიენტაცია“, „ფარული ჰომოსექსუალური გადახრები.“ ამასთან, სახელმძღვანელო განმარტავს, რომ „მედიცინაში ბოლომდე გარკვეული არ არის საკითხი, ითვლება თუ არა ჰომოსექსუალიზმი განსაკუთრებულ სქესობრივ ორიენტაციად თუ იგი ფსიქიკური მოშლილობის ერთ-ერთი ფორმაა“.

სახელმძღვანელოში გამოყენებულია აივ-დადებითი სტატუსის მქონე პირების მიმართ მკვეთრად უარყოფითი კონოტაციის მქონე განმარტებები. ბიოეთიკის სახელმძღვანელოში ხელოვნურ აბორტთან დაკავშირებით განმარტებულია, რომ „ხელოვნური აბორტის ყოველი შემთხვევა უნდა შევაფასოთ როგორც ბოროტება“. ამასთან, ამავე სახელმძღვანელოს განმარტების თანახმად, „აბორტი არ შეიძლება ჩაითვალოს ოჯახის დაგეგმვის ჩვეულებრივ ღონისძიებად კონტრაცეპტივებთან ერთად“.

საქმის გარემოებათა სრულყოფილი შესწავლის შედეგად სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ ზემოაღნიშნულ სახელმძღვანელოებში არსებული ჩანაწერები არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა განმარტების ეროვნულ და საერთაშორისო სტანდარტებს. ამდენად, საგანმანათლებლო სფეროში აფერხებს ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომის რეალიზებას და ვერ უზრუნველყოფს უმაღლესი განათლების სფეროში სახელმწიფოს მიერ გაცხადებული მიზნების მიღწევას.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნულ სახელმძღვანელოებში არსებული ჩანაწერები არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა განმარტების ეროვნულ და საერთაშორისო სტანდარტებს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სამედიცინო უნივერსიტეტს მიმართა რეკომენდაციით, რათა მიმდინარე სასწავლო წლის ფარგლებში უნივერსიტეტმა უზრუნველყოს სასწავლო კურსების, „სასამართლო მედიცინა და საექიმო სამართალი“, ასევე „ბიოეთიკა“ სწავლებისას ადამიანის ძირითად უფლებებთან შესაბამისი სასწავლო მასალის გამოყენება. მათ შორის, სახელმძღვანელოთა არსებულ რედაქციებზე ცვლილებების მომზადება დანართის სახით და სასწავლო პროცესში დანერგვა.

საქმის განხილვის პროცესში მესამე პირად ჩართული იყო „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი“ (WISG).

რეკომენდაციის სრული ტექტი იხილეთ ბმულზე: რეკომენდაცია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს სასწავლო სახელმძღვანელოების შინაარსის თაობაზე