უფასო აივ-ტესტირება


“თანასწორობის მოძრაობა” გთავაზობთ ნერწყვის სწრაფ ტესტს აივ ინფექციაზე.
VCT – ანუ ნებაყოფილობით კონსულტირება და ტესტირება მოიცავს პრეკონსულტირებას, ტესტს და პოსტკონსულტირებას.
ასევე შეგიძლიათ, მიიღოთ ლუბრიკანტები და კონდომები.

რა არის აივ ინფექცია?

აივ (ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი) არის ვირუსული ინფექცია. აივ ინფექცია ადამიანის სხეულში მოხვედრის შემდეგ ახდენს ადამიანის იმუნური უჯრედების ინფიცირებას და ამ გზით ახერხებს გამრავლებას. ეს პროცესი დროთა განმავლობაში ადამიანის იმუნიტეტის დაქვეითბას იწვევს. იმუნიტეტის დაქვეითების შემდეგ ადამიანის ორგანიზმი ვეღარ იცავს თავს სხვადასხვა დაავადებებისაგან.

რა არის შიდსი?

მას შემდეგ, რაც აივ ინფექციის უჯრედების გამრავლების შედეგად ადამიანის იმუნიტეტი გარკვეულ ზღვარს ქვემოთ ჩამოდის, თავს იჩენს სხვადასხვა დაავადებები. ამ ეტაპს ექიმები შიდსს (შეძენილ იმუნოდეფიციტის სინდრომს) უწოდებენ. შემთხვევითი არ არის სიტყვა სინდრომის ხმარებაც, რადგან იმუნიტეტის გარეშე დარჩენილი ადამიანის ორგანიზმი, როგორც წესი, რამდენიმე დაავადების მსხვერპლი ერთდროულად ხდება.

რა გზით ხდება აივ ინფექციის გადაცემა?

აივ ინფექცია შეიძლება, ადამიანს გადაედოს:

  • დაუცველი სქესობრივი კონტაქტის დროს;
  • სისხლის გადასხმის დროს;
  • ინფიცირებული ნემსის ან რამე სხვა ინფიცირებული საგნის ჩხვლეტის შედეგად ;
  • დედიდან შვილზე, თუ ორსულობის დროს დედა არის აივ ინფიცირებული და არ მკურნალობს.

აივ ინფექცია არ გადადის:

  • აივ ინფიცირებულ ადამიანთან ჩახუტებით;
  • ჰაერწვეთოვანი გზით (მაგ. ტუჩებში კოცნით);
  • დაცული სექსის შემთხვევაში;
  • მწერის ნაკბენით (მაგ. კოღოს ნაკბენით).

როგორ დავიცვათ თავი აივ ინფექციისგან?

აივ ინფქციისგან თავდაცვის რამდენიმე გზა არსებობს:

  • დაცული სექსი (კონდომისა და ლუბრიკანტის გამოყენება);
  • PrEP (პრეექსპოზიციური მკურნალობა);
  • პერმანენტული ტესტირება (რეკომენდებულია სამ თვეში ერთხელ) ;
  • საჭირო ინფორმაციის ქონა აივ/შიდსის შესახებ.

რამდენ ხანში შეიძლება გავიგო, თუ აივ ინფექცია გადამედო?

აივ ინფქეციას, ისევე, როგორც სხვა ვირუსებს, ინკუბაციის პერიოდი გააჩნია. ეს იმას ნიშნავს, რომ აივ-ით დაინფიცირების შემთხვევაში მარტივი (სწრაფი ტესტით) მისი აღმოჩნა, შეიძლება, სამი თვის განმავლობაში შეუძლებელი იყოს. ამ ეტაპს მედიცინაში ფანჯარა პერიოდი ეწოდება.

არსებობს თუ არა აივ ინფექციის მკურნალობა?

დღესდღეობით აივ იფნექციის მკურნალობა არსებობს, მაგრამ განკურნება არა. ეს იმას ნიშნავს, რომ აივ ინფექცია არის მართვადი ქრონიკული დაავადება. თანამედროვე მედიცინას გააჩნია სხვადასხვა სახეობის მედიკამენტები (ანტირეტროვირუსული მედიკამენტები), რომლებიც ახდნენ ვირუსის ისეთ სუპრესიას, რომ აივ დადებითი ადამიანის სისხლში ვირუსი აღარ ჩანს. აივ დადებითი ადამიანი, რომელიც მკურნალობს, ცხოვრობს ისეთივე ხარისხის სიცოცხლით, როგორითაც აივ უარყოფითი ადამიანი.

რა სახის სირთულეები შეიძლება ახლდეს აივ ინფექციის მკურნალობას?

იქიდან გამომდინარე, რომ აივ ინფექცია არის ქრონიკული მართვადი დაავადება, აივ დადებით ადამიანებს მთელი ცხოვრების მანძილზე უწევთ პრეპარატების მიღება. ამ პროცესს, როგორც წესი, რამდენიმე სირთულე ახლავს. ხშირად როდესაც აივ დადებითი ადამიანები მკურნალობას იწყებენ, წამლების გვერდითი მოვლენები იმდენად აშინებთ, რომ მკურნალობაზე უარს ამბობენ. ამ შემთხვევაში უნდა აღინიშნოს, რომ ეს გვერდითი მოვლენები, როგორც წესი, წამლის მიღების დაწყებიდან ორი კვირა ან მაქსიმუმ ერთი თვე გრძელდება. მას შემდეგ რაც ადამიანის სხეული ეჩვევა მედიკამენტს, გვერდითი ეფექტები ქრება. მეორე პრობლემა, რომელსაც აივ დადებითი ადამიანები აწყდებიან, ფსიქოლოგიური შიშია. იმის წარმოდგენა, რომ მთელი ცხოვრება რაღაც წამალი უნდა სვას ადამიანმა, ცოტა შემაშინებელი შეიძლება იყოს. თუმცა აღსანიშნავია, რომ შეძლებს რა ადამიანი ამ პროცესის რუტინად ქცევას, ეს შიშები უკვალოდ ქრება.

როგორ მოვიქცე იმ შემთხვევაში, თუ მაინტერესებს ჩემი აივ სტატუსი?

ასეთ შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ, მოგვმართოთ “თანასწორობის მოძრაობაში,” სადაც უფასოდ გაგიკეთებენ სწრაფ ტესტს და დაახლოებით ოც წუთში გაიგებთ თქვენს აივ სტატუსს. ჩვენ ასევე შეგვიძლია მოგამარაგოთ უფასო კონდომებით, ლუბრიკანტებით და PrEP-ით.

“თანასწორობის მოძრაობაში” ასევე მიიღებთ ე.წ. პრე- და პოსტკონსულტაციას, რაც დაგეხმარებათ იმ კითხვებზე პასუხის მიღებაში, რომლებიც აივ ინფექციასთან დაკავშირებით შეიძლება, გქონდეთ.

როგორ მოვიქცე, თუ გავიგე, რომ აივ დადებითი ვარ?

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გაიგებთ, რომ თქვენ, შესაძლოა, აივ-ის დიაგნოზი გქონდეთ (მაგ. სწრაფი ტესტის მეშვეობით), ჩვენ გადაგამისამართებთ “ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის კვლევით ცენტრში,” სადაც ჩაგიტარდებათ ე.წ. ჩაღრმავებული კვლევა და დადგინდება თქვენი დიაგნოზის სიზუსტე. ამის შემდეგ თქვენ დაგენიშნებათ ექიმი, რომელიც პერმანენტულად გაგიწევთ კონსულტაციას და დაიწყებთ მკურნალობას.

 

იქიდან გამომდინარე, რომ აივ ინფექციასთან და შიდსთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპების გამო ბევრი ადამიანისთვის ამ დიაგნოზის მოსმენა ფსიქოტრავმის ტოლფასია, “თანასწორობის მოძრაობა” გთავაზობთ ფსიქოლოგის სერვისს, სადაც კვლაიფიციური ფსიქოლოგები გაგიწევენ ფსიქოთერაპიულ კონსულტაციებს.